ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის რაოდენობა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდა — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის გარშემო ყინულით დაფარული ზონა რეკორდულად შემცირდა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურისადმი უფრო დაუცველი გახდა ყინულის ის სქელი ფენები, რომლებიც ანტარქტიდის ხმელეთის ყინულს ადგილზე აკავებს.
აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) განცხადებით, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი 1,91 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია 1979 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ამ მონაცემთა აღრიცხვა მიმდინარეობს.
წინა რეკორდი შარშან დაფიქსირდა.
„დნობის სეზონი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება და სავარაუდოდ, ყინულის ფართობი კიდევ შემცირდება, რის შემდეგაც, წლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს“, — წერს NSIDC განცხადებაში.
ზღვის ყინულის დნობას ზღვის დონეზე დიდი გავლენა არ აქვს, რადგან ეს ყინული ისედაც უკვე ოკეანის წყალშია განთავსებული.
თუმცა, ზღვის ყინული გარს ფარივით აკრავს ანტარქტიდის მასიურ შელფურ მყინვარებს, მტკნარი წყლის მყინვართა ერთგვარ დანამატებს, რომლებსაც ზღვის დონის კატასტროფულად აწევა შეუძლიათ, თუკი გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, მათი დნობა მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდება.
NSIDC-ის განცხადებით, ანტარქტიდის ნაპირის უმეტეს ნაწილს აკრავს წყალი, რომელშიც ახლა ყინული არ არის და ტალღებისა და თბილი ტემპერატურის წინაშე დაუცველია შელფური მყინვარები.
ანტარქტიდის ციკლს მნიშვნელოვანი წლიური ვარიაციები ახასიათებს — ზაფხულობით დნობა და ზამთარში გაყინვა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასული ოთხი ათეული წლის განმავლობაში, კონტინენტს არ განუცდია სწრაფი დნობა, რაც გლობალური დათბობის გამო საშინელი მაჩვენებლით მოქმედებს გრენლანდიასა და არქტიკაში.
2016 წლიდან დნობის მაჩვენებელი ანტარქტიდაზეც გაიზარდა, რაც ბადებს საშიშროებას, რომ ეს კონტინენტის შეიძლება არქტიკის ტენდენციისკენ მიდიოდეს.
ზღვის ყინულის დნობა პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ აჩქარებს გლობალურ დათბობას.
ზღვის ქათქათა ყინული მასზე დაცემული მზის სინათლის 90 პროცენტს ირეკლავს და უკან აბრუნებს; როდესაც ის ქრება და მის ადგილს ბნელი, გაუყინავი ზღვა იკავებს, ზღვის წყალი მზის სითბოს 90 პროცენტს თავად შთანთქავს.
წინა რეკორდი შარშან თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ანტარქტიდის გარშემო ოკეანეში ყინულების ფართობი ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.
წინა კვირაში, კლიმატის მეთვალყურე ევროპული თანამგზავრის, „კოპერნიკის“ (C3s) ჯგუფმა განაცხადა, რომ იანვარში, ყინულის საფარი უკვე შარშანდელ რეკორდულ ნიშნულს იყო ჩამოცდენილი.
გლობალურად, 2022 წელი მეხუთე ან მეექვსე ყველაზე თბილი წელიწადი იყო აღრიცხულთა შორის.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.