ანტარქტიდის დნობის შედეგად, ზღვის დონემ შეიძლება მოსალოდნელზე 30 პროცენტით მეტად აიწიოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყინულის საფარი გლობალურ კატასტროფას ინახავს.
ანთროპოგენურ მიზეზთა გამო გლობალური ტემპერატურა მაღლა იწევს, დნება ანტარქტიდის ყინულები და ნადნობი წყალი ოკეანეში ჩადის, რასაც უნდა მოჰყვეს ზღვის დონის იმ წერტილამდე აწევა, რომ მნიშვნელოვნად დაზარალდება სანაპირო საზოგადოებები; ასეთი რამ უახლოეს ათწლეულებშიც შეიძლება მოხდეს.
საუკეთესო პროგნოზების მიხედვით, მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ოკეანის დონემ 3,2 მეტრით უნდა აიწიოს, მაგრამ როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ეს საზარელი რიცხვიც კი შეძლება ცოტა ოპტიმისტური იყოს. შესწორებული პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ათასწლეულში ზღვის დონემ შეიძლება ამაზე ერთი მეტრით მეტით, ანუ 30 დამატებით პროცენტით მოიმატოს.
ასეთ შედეგებს სერიოზული გავლენა ექნება კლიმატის ცვლილების მოდელირების გზებზე.
„დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მატების ყოველი პროექცია ეფუძნება კლიმატის მოდელირებას; ეს პროექციები საუკუნის ბოლომდე ან იმის იქითაც მიდის და როგორც ჩანს, საჭირო იქნება მათი გადახედვა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ჯერი მიტროვიცა.
ამ ყველაფერს კავშირი აქვს ე. წ. წყლის განდევნის მექანიზმთან. ყინულის საფარის დნობასთან ერთად, ანტარქტიდის ფუძის ქანები, რომლებიც ახლა ზღვის დონეზე დაბლაა, მაღლა აიწევს და გარშემო ნადნობ წყალს ოკეანეში შეუშვებს. ახალი გათვლების მიხედვით, სწორედ ასე „განდევნილ“ წყალზე მოდის ის დამატებითი ერთი მეტრი.
„ამ ეფექტის მასშტაბმა შეგვზარა. წინა კვლევები, რომლებიც ამ მექანიზმს ითვალისწინებდა, მას უარყოფდა და უადგილოდ მიიჩნევდა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ლინდა პენი.
პენმა, მისმა კოლეგა ეველინ პოუელმა და მათმა ჯგუფმა ეს ეფექტი პირველად მაშინ შენიშნეს, როდესაც ზღვის დონის ცვლილების განსხვავებულ პროექტზე მუშაობდნენ. როდესაც გაანგარიშებები შეასრულეს, შენიშნეს, რომ წყლის განდევნის მექანიზმზე ზღვის დონის იმაზე მეტი მატება მოდიოდა, ვიდრე ელოდნენ; შესაბამისად, ამ საკითხის გარკვევაზე გადაერთნენ.
მრავალი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მანტია თავთხელია და ნაკლებად წებოვანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედა მიმართულებით ის სწრაფად უნდა წავიდეს და ნადნობი წყალი გამოდევნოს. ამის შესახებ ცნობილია, მაგრამ თითქმის არ იყო შეფასებული ამ პროცესის წვლილი ზღვის დონის მატებაში.
თუმცა, ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გაანგარიშებებმა ამ კვლევებს შემატა მანტიის კომპლექსური, სამგანზომილებიანი ვისკოელასტიკური სტრუქტურა და გამოიყენა დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით გამოწვეულ ზღვის დონის ცვლილების წარსულისა და სამომავლო ცვლილებათა მოდელირებისთვის.
გამოთვლების მიხედვით, ბოლო ინტერგლაციალურ პერიოდში, ანტარქტიდის ყინულის საფარის კოლაფსის შედეგად ზღვის დონემ 3-4 მეტრით აიწია; ჯგუფის გათვლების მიხედვით, წყლის განდევნის მექანიზმმა მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ზღვის დონე ერთი მეტრით კიდევ ასწია.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა სცენარს გამოვიყენებთ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის კოლაფსისთვის, ყველა მათგანმა მიუთითა, რომ ზღვის დონე დამატებით ერთი მეტრითაც აიწევს“, — ამბობს პენი.
მსგავსი წვლილი ზღვის დონის მატებაში, მათ სამომავლო კოლაფსის მოდელირებისასაც აღმოაჩინეს. ჯგუფის გათვლები მიუთითებს, რო როდესაც წყლის განდევნის მექანიზმი შემოგვაქვს, ვიღებთ იმას, რომ საუკუნის ბოლოსთვის ზღვის დონის მატება პროგნოზირებულზე 18 პროცენტით მეტი იქნება.
მსგავსი დასკვნა სერიოზულად წარმოაჩენს სასწრაფო ქმედების საჭიროებას ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ჯერ დრო კიდევ გვაქვს და უკან არდაბრუნების წერტილს გადავლახავთ.
„როდესაც ყინულის დნობა წყდება, ზღვის დონის მატება არ ჩერდება. ზარალი, რომელსაც სანაპირო ზოლებს ვაყენებთ, საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ლინდა პენი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.