დედამიწის ყველაზე ცივ, ქარიან და მშრალ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე, ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. მკვლევართა განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გლობალური დათბობის ტენდენციას.
ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ წვერზე მდებარე არგენტინულ კვლევით სადგურ „ესპერანსაზე“ ტემპერატურამ +18,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რითაც მოიხსნა წინა რეკორდი — 2015 წლის მარტში დაფიქსირებული 17,5 გრადუსი. არგენტინის მეტეოროლოგიური სამსახურის ეს სადგური ტემპერატურის ჩაწერას 1961 წლიდან ახორციელებს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ტემპერატურას თავიანთ არქივში ისინიც გადაამოწმებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმე აშკარად რეკორდთან გვაქვს.
ორგანიზაციის ცნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაკავშირებული უნდა იყოს რეგიონულ ფიონურ ქართან, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გათბობა მთიდან ჩამოსვლისას.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ანტარქტიდის სანაპიროზე ტემპერატურა საშუალოდ +10 დან -76 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.
ანტარქტიდის მყინვარული საფარი, რომლის სისქეც ზოგიერთ ადგილას ხუთ კილომეტრს აღწევს, მსოფლიოს მტკნარი წყლის 90 პროცენტს შეიცავს.
ანტარქტიდის ნახევარკუნძული კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე წვეტიანი დაბოლოოებაა სამხრეთ ამერიკის სიახლოვეს. მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონია.
ანტარქტიდის მაღალი ტემპერატურა კარგად შეესაბამება დედამიწის ზოგადი გათბობის ტენდენციას, რაც დიდწილად გამოწვეულია სათბურის აირების გამოყოფით.
მკვლევართა განცხადებით, გათბობის ტენდენცია აზიანებს ანტარქტიდის სხვა ნაწილებსაც, განსაკუთრებით კი დასავლეთ ანტარქტიდის უზარმაზარ მყინვარულ საფარს.
მყინვარული საფარის დნობის შედეგად, წყალი ოკეანეში ჩადის და აზიანებს სანაპირო ხაზებს მთელ მსოფლიოში.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ მორინ რაიმოს აზრით, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, მაგრამ კარგად მოასწავებს იმ ყველაფერს, რაც წინ გველოდება.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, გასული ათწლეული ყველაზე ცხელი იყო მას შემდეგ, რაც მონაცემების ჩაწერა ხორციელდება, 2019 წელი კი მეორე ყველაზე ცხელი.
გასულ წელს, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა თითქმის ერთი გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო წინა საუკუნის შუა წლების შემდგომ საშუალო ტემპერატურაზე. ამის მიზეზი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი და სხვა სათბურის აირებია.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.