ანტარქტიდის რონის შელფურ მყინვარს მანჰეტენზე დაახლოებით 70-ჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ის ამჟამად უდიდესი აისბერგია მსოფლიოში.
ვიდეოში ხედავთ ყინულის საფარიდან მისი მოწყვეტის კადრებს.
ეს მოგრძო აისბერგი, სახელად A76, ამჟამად უედელის ზღვაში დაცურავს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მისი სიგრძე დაახლოებით 169 კილომეტრია, სიგანე 24 კმ, ზედაპირის ფართობი კი 4 320 კვადრატული კილომეტრი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი აისბერგი მსოფლიოში ამჟამად უდიდესია, ის ისტორიაში 10 უდიდესი აისბერგის სიაშიც კი არ შედის.
რეკორდს აისბერგი A68a ფლობდა, მისი ფართობი 6000 კვადრატული კილომეტრი იყო და 2020 წლის დეკემბერში დაიშალა.
ამის შემდეგ რეკორდსმენი აისბერგი A23A გახდა. მისი ფართობი 4000 კვადრატული კილომეტრია და ანტარქტიდას 1986 წელს მოსწყდა.
გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, ისტორიაში უდიდესი აისბერგი 1958 წელს შენიშნეს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მისი ფართობი სავარაუდოდ 30 000 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა ეს მხოლოდ შეფასებაა, რადგან მეცნიერებს მაშინ თანამგზავრული ფოტოები არ გააჩნდათ.
New Scientist-ის ცნობით, იმის გამო, რომ ეს აისბერგი რონის შელფურ მყინვარს მოსწყდა, დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეს რეგიონი კლიმატის ცვლილებით სერიოზულად დაზიანებული არ არის. ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის გლაციოლოგის, ალექს ბრისბურნის განცხადებით, ყინულის ამ საფარს აისბერგები მუდმივად, ბუნებრივი ციკლის ფარგლებში სწყდება.
რონის შელფური მყინვარი ოკეანეშია შეტივტივებული და შესაბამისად, თუ აისბერგი მთლიანად გადნება, ზღვის დონეში დიდ ცვლილებას ვერ შეიტანს, ზუსტად ისე, როგორც წყლიან ჭიქაში ჩაგდებული ყინულის კუბი ვერ ცვლის წყლის დონეს.