მსოფლიოს უდიდესი აისბერგი დნება — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი დნება — #1tvმეცნიერება

თანამგზავრული მონაცემებით ირკვევა, რომ მსოფლიოს უდიდესი აისბერგი დნება.

5800 კვადრატული კილომეტრის ფართობის ყინულის ნაჭერი, სახელად A68a ანტარქტიდის ნახევარკუნძულის შელფურ მყინვარ ლარსენ C-ს 2017 წლის ივლისში მოსწყდა.

თუმცა, როგორც ახალი თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, აისბერგი პატარა ნაკუწებად დაიმსხვრა. აშშ-ის ყინულის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეს ნაჭრები იმდენად პატარებია, რომ მათი მეთვალყურეობა უკვე შეუძლებელია.

ორი წლის განმავლობაში აისბერგი უძრავად იყო, მაგრამ შემდეგ მძლავრმა დინებამ ჩაიჭირა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით წაიღო.

აისბერგმა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო გასული წლის დეკემბერში, როდესაც გაჩნდა საშიშროება, რომ ის შეიძლება კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეჯახებოდა, სადაც უხვად ბინადრობენ სელაპები და პინგვინები.