მსოფლიოს უდიდესი აისბერგი შეიძლება შეეჯახოს კუნძულს, რომელიც სელაპებისა და პინგვინების ნამდვილი სამოთხეა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი შეიძლება შეეჯახოს კუნძულს, რომელიც სელაპებისა და პინგვინების ნამდვილი სამოთხეა — #1tvმეცნიერება

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი შეიძლება შეეჯახოს კუნძულს, რომელზეც ბევრი პინგვინი და სელაპი ბინადრობს, რამაც შესაძლოა, ამ ცხოველთა ნაშიერების მასობრივი შიმშილი გამოიწვიოს.

აისბერგი, სახელად A68a, ანტარქტიდის მყინვარულ საფარს 2017 წელს მოწყდა. მას შემდეგ ის ჩრდილოეთით მიცურავს და ახლახან, სახიფათოდ ახლოს მივიდა კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან. ეს ზონა ნამდვილი სამოთხეა მილიონობით სუბანტარქტიკული, ოქროსქოჩორა და სამეფო პინგვინისთვის, ისევე როგორც ზღვის კატებისა და ზღვის სპილოებისთვის (სელაპების სახეობები).

აისბერგი გზადაგზა ნაწილობრივ დაიმსხვრა, მაგრამ რეკორდულ ზომებს მაინც ინარჩუნებს. A68a-ს სიგრძე 151 კილომეტრია, სიგანე კი 48 კმ. კუნძული სამხრეთ ჯორჯია სიგრძეში 169 კილომეტრია, სიგანეში 24 კმ.

აისბერგი შეიძლება დაიმსხვრეს ზღვის კუნძულის წყალქვეშა შელფზე გადავლისას, რომელიც ზღვის ფსკერიდან არის ამოზიდული. ეს კი გზადაგზა გაანადგურებს წყალქვეშა სიცოცხლეს და იქ არსებულ ეკოსისტემებს, რომლებიც უფრო მეტ სახეობებს მოიცავს, ვიდრე გალაპაგოსის კუნძულები.

ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის ეკოლოგი, გერენ ტარლინგი Reuters-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ აისბერგი წყალში ძალიან ღრმად არ ზის და შესაბამისად, არსებობს იმის შანსიც, რომ ის პირდაპირ ზღვის ფსკერზე შეცურდეს, არსად გაიჭედოს და თითქმის კუნძულის სანაპირომდე მივიდეს. თუ ასე მოხდა, ის იქ კიდევ 10 წელიწადს დარჩება.

ამ შემთხვევაში, ოკაენისკენ გზა გადაეკეტებათ მშობელ პინგვინებსა და სელაპებს, რომლებიც წყალში თევზებსა და ზღვის კიბოებს იჭერენ საკუთარ ნაშიერთა გამოსაკვებად.

„თუკი მათ დიდი შემოვლითი გზით სიარული მოუხდათ, ნაშიერებთან დროულად ვეღარ დაბრუნდებიან და ისინი შიმშილით დაიხოცებიან“, — ამბობს ტარლინგი.

კუნძულ სამხრეთ ჯორჯიის ბინადარი მრავალი ცხოველის კოლონიები ახლა ნაშიერთა გამოჩეკვისა და შობის კრიტიკული სეზონის შუაში იმყოფებიან.

„სუბანტარქტიკულმა პინგვინებმა ბუდეები უკვე გააკეთეს და მალე კვერცხებსაც დადებენ. ორი კვირის წინ კი ნაშიერთა გაჩენა დაიწყეს სელაპებმა. ამ მხრივ პიკი შობისას მიაღწევს“, — ამბობს ბრიტანეთის კუთვნილი სამხრეთ ჯორჯიის და სენდვიჩის კუნძულების მმართველობის წარმომადგენელი მარკ ბელჩიერი.

კუნძულსა და საკვების წყარო ოკეანეს შორის გიგანტური აისბერგის ჩახერგვამ ცხოველთა მომავალი თაობები შეიძლება სრულიად გაჟლიტოს.

თუმცა, პინგვინებისა და სელაპების ნაშიერთათვის არსებობს გარკვეული იმედი. უკანასკნელ წუთას, ოკეანის მძლავრმა დინებამ აისბერგს შეიძლება მიმართულება შეუცვალოს და ის კუნძულ სამხრეთ ჯორჯიის თავთხელ წყლებს ააცილოს.

მეცნიერი სტეფ ლერმიტი, რომელიც აისბერგის მოძრაობას აკვირდება, ახალ თანამგზავრულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ აისბერგი დინებას მიჰყვება და კუნძულის მიმართულებიდან გადახვევა დაიწყო. თუმცა, მკვლევარი იქვე აღნიშნავს, რომ აისბერგი მაინც ძალიან ახლოს არის თავთხელი ოკეანის ფსკერთან.

თუკი დინება აისბერგს კუნძულის სამხრეთ ნაწილისკენ მიმართული კურსიდან გადაათრევს, ცხოველთა უსაფრთხოებისთვის ეს მაინც არ იქნება საკმარისი. ტარლინგის განცხადებით, აისბერგი შეიძლება კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილშიც ჩაიჭედოს.

აისბერგის იქ გაჩერებამ შეიძლება კუნძულის გარშემო ეკოსისტემებიც შეცვალოს, რადგან იქ დიდი ოდენობით ნადნობი მტკნარი წყალი გაჩნდება.

ამასობაში, ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აისბერგზე მკვლევართა ჯგუფს გაგზავნის, რომლებიც მისი ნადნობი მტკნარი წყლის გარემოზე გავლენის შეფასებას შეეცდებიან.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.