ანრი ოხანაშვილი - ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე რამე სხვა პოზიციის
ანრი ოხანაშვილი - ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე რამე სხვა პოზიციის

საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიული ფაქტებზე მსჯელობა, ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალიტების კითხვის პასუხად განაცხადა, სწორი არ არის საკითხის ისე დასმა, თითქოს საქართველოს მთავრობა მიესალმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით.

„არ არის ეს სწორად დასმა საკითხის, თითქოს საქართველოს მთავრობა მიესალმა იმას, რაც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჟღერა ამ ადამიანმა. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის. შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს დამატებითი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესდება, ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ამის სწორი გაგრძელება რუსეთის მხრიდან დეოკუპაციაზე ფიქრის დაწყება იქნება.

„ახლა ამის იმედი და მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს საქართველოს ინტერესების გატარებას ყველა ფორმატში. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია და ეს საკითხი იქნება ყველა ფორმატში მსჯელობისა და განხილვის საგანი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.