ვლადიმერ პუტინი - 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში - ეს იგივეა, რაც გენოციდი
ვლადიმერ პუტინი - 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში - ეს იგივეა, რაც გენოციდი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით,1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის არ გააკეთებს არაფერს, რაც გაართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.