ანრი ოხანაშვილი - „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა პროცესს დააზიანებს, რადგან ეს სამართლებრივი საკითხია
ანრი ოხანაშვილი - „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა პროცესს დააზიანებს, რადგან ეს სამართლებრივი საკითხია

„თიბისი ბანკის“ საქმეზე თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე პასუხები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება არა უშუალოდ „თიბისი ბანკს“, არამედ ეს არის სამართლებრივი დავა კონკრეტული პირების მიმართ.

ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი ზედმეტად დრამატიზებულია, ამოვარდნილია სამართლებრივი კონტექსტიდან და გადატანილია პოლიტიკურ ჭრილში.

„თუკი არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე პასუხები. ამ პროცესის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და დრამატიზება, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, რადგან ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.