ანრი ოხანაშვილი - თბილისიც რომ მეტს იმსახურებდა, ამიტომ იყო შეთავაზება უფრო მეტ მაჟორიტარულ ოლქზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ოლქები მაქსიმალურად დაბალანსებულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა გადანაწილდეს.
ოხანაშვილი ამ კომენტარით თბილისში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
„კომენტარები მოვისმინე, რომ თბილისი მეტ მაჟორიტარულ ოლქს იმსახურებს. რეგიონებიც მეტ მაჟორიტარულ ოლქს იმსახურებდნენ. თბილისიც რომ მეტს იმსახურებდა, ამიტომ იყო შეთავაზება უფრო მეტ მაჟორიტარულ ოლქზე. დღემდე ამიტომ წერია 73 მაჟორიტარული ოლქი. რა გამოდის? ჩვენ ვამბობდით, რომ მეტი პროპორციული კომპონენტი უნდა იყოს, ეს გაზიარებული არ იყო ჩვენი კოლეგების მხრიდან და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მეტი დაახლოება მომხდარიყო პროპორციულ სისტემასთან. ახლა რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე? თურმე, ოპოზიცია ითხოვს, რომ მეტი სამაჟორიტარო ოლქი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი არათანმიმდევრულია ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში. ამაზე ხომ შევთანხმდით და იცოდნენ? გვინდა, რომ საარჩევნო ოლქები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად დაბალანსებულად გადანაწილდეს“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხზე გუშინ განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში სავარაუდოდ, შვიდი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდება.
ოპოზიციის ნაწილი თბილისის რვის ნაცვლად შვიდ ოლქად დაყოფას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მმართველი პარტია ოლქების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.