დავით უსუფაშვილი - პარლამენტში შესულ დოკუმენტში ოლქების თემა არის ისე, როგორც შეჯერდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
დავით უსუფაშვილი - პარლამენტში შესულ დოკუმენტში ოლქების თემა არის ისე, როგორც შეჯერდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოლქებთან დაკავშირებით ყველა საკითხი შეჯერებულია.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულ დოკუმენტში ოლქების თემა არის ისე, როგორც შეთანხმდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ოლქებთან დაკავშირებით ყველა საკითხი არის შეჯერებული. პარლამენტში შესულ დოკუმენტში ოლქების თემა არის ისე, როგორც შეჯერდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. აქ არ ყოფილა შეჯერება სხვადასხვა ვერსიების. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ სუფთა ფურცლიდან, ავიღეთ საქართველო, საქართველოში არსებული რაიონები, ქალაქები და მათი ამომრჩეველთა რაოდენობა. ავიღეთ ის მოცემულობა, რომ ოცდაათ ოლქად უნდა დაიყოს და დაიყო ლოგიკურად.

თბილისში იქნება რვა ოლქი, ის, რაც შეესაბამება თბილისის მაცხოვრებელთა რაოდენობას, აჭარაში სამი, ქვემო ქართლში სამი, სამცხე-ჯავახეთში ორი, მცხეთა-მთიანეთში ერთი, გურიაში ერთი, კახეთში ორი, ისე როგორც მოსახლეობის რაოდენობა ითვალისწინებს იმ სტანდარტიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ შევჯერდით ყველა საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებზე ბლოკები დაშვებული იქნება.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, იყო თემა ბლოკების თაობაზე, ბლოკები დაშვებული იქნება თუ არა. შევთანხმდით, რომ ბლოკები იქნება დაშვებული და ეს ასახულია იმ ტექსტში, რომელიც პარლამენტში იქნა დღეს წარდგენილი. ბარიერი ერთი პროცენტი, 120/30-ზე, ბლოკები დაშვებული, საქართველო ოცდაათ თანაბარ ოლქად გაყოფილი, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც არის ეროვნულ უმცირესობებთან და მთლიან რეგიონებთან. შესაბამისად, შეთანხმების ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული და ამას კანონპროექტის სახე აქვს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.