ანრი ოხანაშვილი - უნდა მოვისმინოთ პოზიციები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპის შეცვლას
ანრი ოხანაშვილი - უნდა მოვისმინოთ პოზიციები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპის შეცვლას

შეთანხმებულნი ვიყავით პრინციპზე, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქმნის სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას, ახლა უნდა მოვისმინოთ პოზიციები, ამ პრინციპების შეცვლას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ამას აქვს თავისი პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ იურიდიული კომიტეტის აპარატი შეისწავლის კანონპროექტს, გავივლით კონსულტაციებს და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგებმა დავგეგმოთ ინიციატორებთან საკონსულტაციო შეხვედრაც, რათა მათი პოზიციები მოვისმინოთ. აქამდე პრინციპზე შეთანხმებულნი ვიყავით, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქმნის სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას, თუკი ამ პრინციპს მივყვებოდით. ამიტომ ახლა უნდა მოვისმინოთ პოზიციები, ამ პრინციპების შეცვლას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ნომერ პირველი საკითხი არის კონსტიტუციურობის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერმა კანონპროექტმა უნდა დააკმაყოფილოს. მეორე საკითხი გახლავთ, რამდენად სამართლიანი იქნება ეს კანონპროექტი იმ პირებისთვის, ვისაც ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კეთილსინდისიერების და საქმიანობის პროფესიონალურად შესრულების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებოდათ, დანიშნულიყვნენ უვადოდ. ამ შეკითხვებს სჭირდება პასუხი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული გუნდია.

„ჩვენ ვართ გუნდი. აქ არ არსებობს ძველი და ახალი. აქ არსებობს ღირებულებები, რაც აერთიანებს „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ ყველა წევრს. რაც შეეხება ბრალდებებს, არ ვთვლი საჭიროდ, ამ საკითხებზე ვისაუბრო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, საკომიტეტო მოსმენაზე უზრუნველვყოფ ყველა აზრის მოსმენის შესაძლებლობას და მაქსიმალურად ვეცდები, შევაჯერო პოზიციები. დანარჩენს დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ავტორები ცვლილებების განხილვას კომიტეტში მოკლე ვადებში ითხოვენ.