ანრი ოხანაშვილი - რეფორმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის გამჭირვალე მოდელს ითვალისწინებს, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერითა და თანამშრომლობით განვახორციელეთ
ანრი ოხანაშვილი - რეფორმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის გამჭირვალე მოდელს ითვალისწინებს, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერითა და თანამშრომლობით განვახორციელეთ

რეფორმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის გამჭირვალე მოდელს ითვალისწინებს, სადაც საზოგადოება მონიტორინგს უწევს მოსამართლეთა არჩევის პროცესს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერითა და თანამშრომლობით განვახორციელეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება და განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია და საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება კონსულტაცია როგორც აშშ-ს საელჩოსთან, ასევე ევროკავშირთანაც. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ რაიმე ტიპის კომუნიკაციას და კონსულტაციას. ამ კომუნიკაციისა და კონსულტაციის შემდგომ შეგვიძლია, კიდევ გავაკეთოთ შეფასებები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭირვალე, ხანგრძლივი მოდელის რეფორმა, სადაც საზოგადოება მონიტორინგს უწევს მოსამართლეთა არჩევის პროცესს, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერით, თანამშრომლობით განვახორციელეთ. ეს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ გამჭირვალობას იქნა მოწონებული როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს საელჩოს მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ამას ვაკეთებთ, არაფერ განსხვავებულს და განსაკუთრებულს, მაშინ როდესაც პარლამენტს სრული ლეგიტიმაცია აქვს. ჩვენ ჯერ არ გვითქვამს, კენჭისყრები როდის ჩატარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება გუნდში კონსულტაცია და ასევე გვექნება კონსულტაციაჩვენს პარტნიორებთან და გავცვლით პოზიციებს. რა თქმა უნდა, მეც ვისურვებ, რომ პარლამენტში იყოს ჯანსაღი ოპონირება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს განცხადება შეეხებოდა არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ოპოზიციასაც.

„აშშ-ს პოზიცია შეეხება ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ვინაიდან მათ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ იმისკენ, რომ დაინტერესებულიყვნენ რას ვაპირებთ საბჭოში, ხომ არ დავიწყოთ კონსულტაციები თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს სურვილი პარლამენტში მუშაობის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით წინ წავიწიოთ. ამიტომ, ეს განცხადება ასევე შეეხება ყველას. ეს არ არის სწორება მხოლოდ მმართველ პარტიასთან მიმართებაში. მმართველი პარტია მზად არის. გვექნება კომუნიკაცია, კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის შემდგომ შეგვიძლია, შემდგომი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი