ანრი ოხანაშვილი - რჩება შთაბეჭდილება, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიის ოპოზიციონერი წევრების დასკვნის პროექტი არაკომპეტენტური და ხარვეზიანია
საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერი წევრების მიერ წარმოდგენილ დასკვნის პროექტს მოუმზადებელს უწოდებს და არ იზიარებს.
როგორც კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, დასკვნა არაკომპეტენტური და ხარვეზიანი დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„ეს დოკუმენტი არის მოუმზადებელი, ტოვებს არაკომპეტენტური და ხარვეზიანი დოკუმენტის შთაბეჭდილებას, რომელსაც სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი გადამუშავება. დასკვნა არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ელფერს, უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, სამართლებრივ ანალიზსა და ობიექტურ მოცემულობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადა 17 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიამ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. მისი თქმით, დასკვნის პროექტი კომისიის წევრებს უკვე მიაწოდეს, რის შემდეგაც დასკვნის განხილვის ეტაპი დაიწყება.