ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა მათი პარტნიორები, რომლებიც ამაყად საუბრობენ ხოლმე დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში არც კი მონაწილეობენ
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა მათი პარტნიორები, რომლებიც ამაყად საუბრობენ ხოლმე დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში არც კი მონაწილეობენ

უცნაურია, რომ რადიკალური იდეების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფები როდესაც ამაყად საუბრობენ დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში არც კი მონაწილეობენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციას.

„დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. უცნაურია, რომ რადიკალური იდეების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფები, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა მათი პარტნიორები როდესაც ამაყად, ომახიანად საუბრობენ ხოლმე დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ამ სამუშაო შეხვედრაში არც კი იღებენ მონაწილეობას. ეს სამწუხარო ფაქტია, რომელიც არათუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ზრდის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საკითხებზე, რის გარშემოც ისაუბრეს დღეს პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე.

„დღეს, ჩვენს კოლეგებს, ოპონენტებს წარვუდგინეთ უკრაინული მოდელი, გავაკეთეთ პრეზენტაცია, თუ რა პრინციპებს ეფუძნება უკრაინული მოდელი ე.წ. ანტიოლიგარქიული კანონის. რატომ უკრაინული მოდელი? იცით, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნა მიღებული უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით, არის შესაბამისი პუნქტები. უკრაინასთან მიმართებით საუბარია ერთ-ერთ პუნქტად დეოლიგარქიზაციაზე და საუბარია მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ თუკი ევროკომისია მიიჩნევს უკრაინულ კანონს საჭიროდ, რომ მისი ცხოვრებაში იმპლემენტაცია მოხდეს, ჩვენთვის ევროკომისიის მიერ მოცემული გეგმის შესრულების გზაზე, რა თქმა უნდა, უპირატესია მათი ხედვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ეს მოდელი, რომელიც ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათი სურვილია ამ კანონის იმპლემენტაცია. შესაბამისად, თუკი ევროკომისიის მიზანია უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაცია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებითაც ამ კანონის მიღებაც და იმპლემენტაციაც უნდა იყოს სწორი. ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და საზომი, რატომ უკრაინული მოდელი.

უკრაინული მოდელი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს. პირველი გახლავთ შესაბამისი პირის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი. მეორე არის დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე. მესამეა გავლენა მედიაზე და მეოთხე არის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ ოთხი კომპონენტიდან სამი დაკმაყოფილებული თუ იქნება უკრაინული მოდელით, პირი მიჩნეული იქნება ოლიგარქად. დგება რეესტრი და ხდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის მთავრობა, რომელსაც საბოლოოდ აფორმებს პრეზიდენტი. შესაბამისად, ვინ მოხვდებიან აქ ხელის გულზე დევს ე.წ. პოლიტიკოსები. განსაკუთრებით, რომლებსაც აქვთ გავლენა მედიაზე, რომლებსაც აქვთ დომინირებული რესურსი ბაზარზე, რომლებიც ერევიან პოლიტიკაში და ა.შ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ არაოპოზიციაა, ნებისმიერი პირი, ვინც ამ კრიტერიუმში ჯდება, ობიექტური საზომით ექვემდებარება ამ სტატუსს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მედიაზე ზეგავლენა. შესაბამისად, სულ მცირე ამ ორი კომპონენტით ვერავითარ შემთხვევაში ამ კანონის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული იმ პირად, რასაც ჰქვია ოლიგარქი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია.