ანრი ოხანაშვილი - დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში დაუშვებელია
ანრი ოხანაშვილი - დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში დაუშვებელია

დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში დაუშვებელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის წერილის შინაარსს ჯერ არ გაცნობია და ამის თაობაზე კონსულტაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან გაივლის.

ამასთან, ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება. მისი განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავს.

„წერილს ოფიციალურად ჯერ არ გავცნობივარ. ბატონ პარლამენტის თავმჯდომარესთან მექნება კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დეტალურად გავივლით შინაარსს, თუ რაზეა საუბარი. იცით, რომ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ნაკისრი ვალდებულება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ავიღეთ. ამიტომ მე მომდევნო კვირას უკვე გიანონსებთ, რომ შევხვდები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ, კერძოდ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ვრჩებით ამ დოკუმენტით ნაკისრი პასუხისმგებლობის ერთგული. ჩვენ დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში არის დაუშვებელი და მიუღებელი, თუმცა მიშელის დოკუმენტის ნაკისრი ვალდებულების ერთგული ვრჩებით. რა თქმა უნდა, პარტნიორებთანაც გვექნება და გვაქვს კონსულტაციები, შემდგომშიც გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ერთობლივ წერილს ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას, შემოიღოს შეფასების გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი სისტემა, მოსამართლეთა და სასამართლო მუშაკების დაწინაურება-გადაყვანის კუთხით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.