ანგელა მერკელი - დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია
ანგელა მერკელი - დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება. როგორც გამოცემა Politico წერს, ამის შესახებ განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა საზღვრების გადახედვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ გამორიცხეს.

„დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა დადგენილია და ხელშეუხებელია“, – განაცხადა მერკელმა ბერლინში, ბოსნია-ჰერცოგოვინის პრემიერ-მინისტრთან გამართული პრესკონფერენციის დროს.

„ეს სულ უნდა ვიმეოროთ, რადგან მუდამ არის საზღვრების შესახებ საუბრის მცდელობები და ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“, -განაცხადა მერკელმა.

როგორც გამოცემა Politico აღნიშნავს, მერკელის განცხადება მიმართული იყო კოსოვოს შესაძლო დაყოფაზე საუბრების დასრულებისკენ.

გასულ თვეს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გამოთქვა იდეა კოსოვოს დაყოფის შესახებ. ერთ-ერთი სცენარი კოსოვოს ჩრდილოეთ რაიონების სერბეთის ნაწილად აღიარებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი განხილვადი სცენარი ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული სერბეთის სამხრეთ ნაწილის კოსოვოსთან შეერთებაა.

გასულ კვირას, კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ ის ეთნიკური დაყოფის წინააღმდეგია, თუმცა მხარს უჭერს საზღვრების კორექტირებას.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კოსოვოს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.