ევროკომისიის პრეზიდენტმა და სერბეთის ლიდერმა კოსოვოსა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა და სერბეთის ლიდერმა კოსოვოსა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ათენში ბალკანეთის ლიდერების არაფორმალური სამიტის წინ ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რომლის მთავარი თემა კოსოვოსა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხი იყო.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მან ალექსანდრ ვუჩიჩთან „კონსტრუქციული ჩართულობის“ აუცილებლობის შესახებ ისაუბრა ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის შესამცირებლად. ასევე, განიხილეს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებული საკითხები.

„ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საუბრები იყო „კარგი, მაგრამ არა – მარტივი“.

შეხვედრისას ასევე დადგა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, თუმცა ვუჩიჩმა დეტალები არ დააკონკრეტა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი არ გამორიცხავს გარკვეული სანქციების გამოყენებას სერბეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, თუ მათი დიალოგის მცდელობა უშედეგოდ დასრულდება.