ანდრია ჯაღმაიძე - ვულოცავ ყველას, მიწის ნაკვეთის გადმოცემა არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან
ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს, მიწის ნაკვეთის გადმოცემა არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა და ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად იორდანიაში იმყოფება.
„პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, თავად ფაქტიც არის ძალიან სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა და ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან. ამას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება, სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა. თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სახლის არსებობას და შემდგომში რასაც მოიტანს აქ აშენება და ფუნქციონირება. შესანიშნავი ადგილია. მინდა, ვთქვა, რომ არც ველოდი, ასეთი სილამაზე თუ იქნებოდა ზუსტად ამ ადგილზე. ვფიქრობ, ყველასთვის იქნება ძალიან სასიხარულო, აქ მოსვლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის განმარტებით, დიდი არის პრემიერ-მინისტრის როლი ამ საქმეში.
„ჩვენ ვიცით, რომ მარიტივი თემა არ არის წმინდა მიწაზე მიწის გადმოცემა საქართველოსთვის. ბოლო პერიოდში, თუ გადავავლებთ ჩვენს ისტორიას თვალს, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით. დაე, იყოს ეს საწინდარი იმისა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიებიც დაიბრუნოს და ზოგადად შევიძინოთ ის, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს სულიერ შედეგს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მდინარე იორდანესთან დღეს საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.