ანდრია ჯაღმაიძე - თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება“ და არა უბრალოდ შუქდება, ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება“ და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ, კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“, – აცხადებს ჯაღმაიძე.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.