ანდრია ჯაღმაიძე - დარწმუნებული ვარ, მრევლის უდიდესი ნაწილი გაფრთხილებებს გაითვალისწინებს, მიიღებს თავის თავზე ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის და დაიცავს ექიმების რეკომენდაციებს
ვითარება ყოველდღე იცვლება და შესაძლებელია, გუშინ მიღებული ზომები დღეისთვის უკვე ადეკვატური არ იყოს, ჩვენ ამას ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის დღევანდელი განცხადების, ასევე მისი მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ „მოამბეში“ გუშინ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვისას, დეკანოზმა განაცხადა, რომ ამას სრულად იზიარებს.
„სრულად ვიზიარებ. გარდა ამისა, მე ნაცნობი ექიმები მწერენ და გაცილებით უფრო დეტალებში აღმიწერენ ვითარების სიმძიმეს. ყოველდღე იცვლება ვითარება და შესაძლებელია, რომ გუშინდელი მიღებული ზომები დღეისთვის უკვე ადეკვატური არ იყოს, ამას ვხედავთ ჩვენ. თვითონ ექიმების პათოსიც დროთა განმავლობაში შეიცვალა და და უფრო და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ მოსახლეობისგან, რომ თავი შეიკავონ თავყრილობებისგან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, მან სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გუშინდელი პოზიცია განმარტა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ეხებოდა მცხეთა-თბილისს.
„მინდა, ორი სიტყვით საპატრიარქოს გუშინდელ პოზიციასთან დაკავშირებით გითხრათ. პირველ რიგში, მე იქ დავაკელი ორი სიტყვა, რომ ეს მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა მცხეთა-თბილისს, სხვა ეპარქიებში მღვდელმთავრებს თავად, თავიანთი შეხედულებისამებრ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, განსაზღვრონ და მიიღონ, ეს მათი სრული უფლება არის და ასეც გააკეთა რამდენიმე ეპარქიამ, თუ როგორ ჩატარდეს ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს.
ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ეკლესიაში მოსვლისგან. მე ჩემს მრევლს, ძალიან ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ დარჩენილიყო სახლში. ესენი არიან ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდიან ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ მოდიან და უხარიათ ამ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი დილის წირვის დასრულებამდე არც კი რჩებოდა ხოლმე ტაძარში, ამიტომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი მოსვლისგან. ჩვენ გავაფრთხილეთ ხალხი, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს, თავად არის რისკის ჯგუფში, სახლში ჰყავს ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი აი ამ ხალხმრავლობაში, რომელიც ზოგადად არის ხოლმე“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
დეკანოზი დარწმუნებულია, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს გაფრთხილებებს.
„წელს ამ გაფრთხილებებს დარწმუნებული ვარ, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს, მიიღებს თავის თავზე ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის და შესაბამისად დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი ღრმად პატივცემული ექიმები იძლევიან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.