ანდრეი კისკა - საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია უკანონო ძალაუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია
ანდრეი კისკა - საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია უკანონო ძალაუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია

საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია უკანონო ძალაუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგი დღეს უგულებელყოფილია, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.

“სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, როგორც გლობალურად, ისე ცალკეულ რეგიონებშიც, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია, ასევე დესტაბილიზაცია მთლიან რეგიონში არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ჩაანაცვლა უკანონო ძალაუფლებამ საერთაშორისო წესრიგი“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა

კისკამ ასევე ყურადღება გაამახვილა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებზე სირიასა და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ სოლსბერიში, რაც სლოვაკეთის ლიდერის თქმით, “შოკისმომგვრელი იყო”.

“ევროპაში, კერძოდ სოლსბერიში ქიმიური თავდასხმა, რომლის ორგანიზატორებიც პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩეს დაუსჯელი. მტკიცედ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს პრინციპებს აგრესიული პოლიტიკით ვერ შელახავ“, – განაცხადა სლოვაკეთის ლიდერმა

მან ასევე ისაუბრა კიბერსივრცეში არსებულ გამოწვევებზე. კისკას თქმით, კიბერთავდასხმები და მანიპულაციები სოციალურ ქსელებში, ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.