დავით ზალკალიანი - ყველა ორმხრივ შეხვედრაზე საკმაოდ მაღალი შეფასება გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებზე
დავით ზალკალიანი - ყველა ორმხრივ შეხვედრაზე საკმაოდ მაღალი შეფასება გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებზე

ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია სამშვიდობო ინიციატივებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერთან და სებასტიან კურცთან ​გამართული ორმხრივი შეხვედრების შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან და ავსტრიის კანცლერთან სებასტიან კურცთან შეხვედრების დროს საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, განსაკუთრებით პოზიტიური შეფასება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების დინამიკამ დაიმსახურა.

„დადებითად არის შეფასებული საქართველოს ინიციატივა, გადაიდგას უფრო მეტი ნაბიჯი ასოცირების შეთანხმების მიღმა. საუბარია საგზაო რუკაზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს უფრო მეტ სექტორულ ინტეგრაციას, უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროექტებში და ასევე ფიზიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა

შეხვედრების დროს განიხილეს მოსალოდნელი მაღალი დონის შეხვედრები, რომელიც უპრეცედენტო იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში და, რომელიც ნოემბრის თვეში გაიმართება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებთან ვისაუბროთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე და ასევე ჩვენი ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.