აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების დარეგულირებისთვის სომხეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული საკითხი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილა. ელმარ მამედიაროვის თქმით, აღნიშნული პრობლემის დარეგულირება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შესრულებით იქნება შესაძლებელი.

„საერთაშორისო საზოგადოებას გაცილებით აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ, უნდა მოხდეს სომხეთზე ზეწოლა, რომ საერთაშორისო სამართალი დაიცვას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუცია შეასრულოს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პირველმა დიპლომატმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ელმარ მამედიაროვმა ასევე დაამატა, რომ სომხეთის ახალმა მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით მათი პირობის შესრულება, მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება. დიპლომატის თქმით, სომხეთი თავის დაპირებებს მხოლოდ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შემდეგ შეძლებს.

„თუ სომხეთის ახალი ხელისუფლება თავს დემოკრატიას უწოდებს, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ფასეულობები აუცილებლად უნდა დაიცვან“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.