ანდჟეი დუდა - საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავდადებითა და ერთგულებით
ანდჟეი დუდა - საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავდადებითა და ერთგულებით

ქართველებს და საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, საქართველო არის პოლონეთის ძმური ქვეყანა, ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით.

„ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის მანძილზე იმისთვის, რომ მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის. დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისათვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით, ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი. ის არასოდეს არ შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოს აქვს პატივისცემა საერთაშორისო კანონმდებლობისა, რადგანაც ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გამოწვევები კვლავ ელოდება საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის სულისკვეთებით გამსჭვალულნი”, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

მისივე თქმით, გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მუდმივად საქართველოს გვერდით იდგა, რათა სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად პროტესტი გამოეცხადებინა აგრესიის წინააღმდეგ, მოეწოდებინა მთელი მსოფლოსთვის, რომ შეეჩერებინათ აგრესორები.

„ქართველებს და საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით, პოლონეთი მხარს უჭერს მუდმივად საქართველოს მცდელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვების გზაზე. შეუძლებელია, რომ ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, ვინაიდან საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც საერთოდ, ევროპული საზოგადოება ეყრდნობა.მინდა საქართველოს მივულოცო. არ მინდა ვინმე შეეხოს და შებღალოს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა დუდამ.