ვარშავაში პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა
ვარშავაში პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

ვარშავაში პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ამ თანამდებობას მეორე ვადით ანჯეი დუდა დაიკავებს.

საინაუგურაციო სიტყვაში დუდამ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მოკავშირეებთან და განსაკუთრებით აშშ-თან თანამშრომლობის განმტკიცებაზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში დამატებით 1000 ამერიკელი სამხედრო განლაგდება.

ანჯეი დუდამ კორონავირუსის გამო ერთი თვით გადადებულ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. დუდა პოლონეთის მმართველი პარტიის კანდიდატი იყო. მის იანუგურაციას ოპოზიციონერების დიდი ნაწილი არ ესწრებოდა.

რამდენიმე მათგანი კი, ცერემონიალზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი პირბადეებით მივიდა და ხელში პოლონეთის კონსტიტუცია ეჭირათ. ამ ჟესტით მათ საარჩევნო კამპანიის დროს დუდას მიერ ლგბტ თემის მიმართ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ დუდამ „ლგბტ იდეოლოგიას“ კომუნიზმზე უარესი უწოდა და კონსტიტუციაში ლგბტ წყვილებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვის შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა.