ანჟეი დუდა - ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ ნატო-ს, ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია
ანჟეი დუდა - ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ ნატო-ს, ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია

ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ ნატო-ს, ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროცესები გაიარა, რაც არ იყო ადვილი, თუმცა ამად ღირდა.

ანჟეი დუდა საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საკითხის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, ეს არის ინტეგრაცია ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. საქართველოს წევრობის გზაზე გადადგმული აქვს ნაბიჯები. იმედი მაქვს, შევძლებთ, რომ ეს გზა იქნება უფრო და უფრო ნათელი, რაც დრო გავა, კონკრეტული პროცედურული საკითხების ეტაპზე გადავალთ, ასევე, ნატო-სთან მიმართებაში. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა მისი ჩართულობა საერთაშორისო მისიებში, თუნდაც ავღანეთში, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მხარ და მხარ ასრულებდნენ მისიას, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ ნატო-ს, ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია.

ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესები გავიარეთ, ეს არ იყო ადვილი პოლონეთში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ნაბიჯი ღირდა ამად. მოვუწოდებ საქართველოს საზოგადოებას, რომ გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართულებით, განაგრძოს მზაობა რეფორმების ჩატარების კუთხით. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც დაეხმარება ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“ , – განაცხადა ანჟეი დუდამ.