ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე - ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობის შეფარდება ადეკვატური სასჯელია.
„ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამას განზრახ სჩადის, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. გაფრინდაშვილმა მართლაც განზრახ დაარღვია სახელმწიფო საზღვარი“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა.
ამასთან, ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ის ზეწოლის ქვეშ არ მოექცა და ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ შეწყალება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ზეწოლის საშუალებით.
ბიბილოვის განცხადებით, წნელისთან საპოლიციო პოსტი უნდა გაუქმდეს, არსებული დაძაბული ვითარება განიმუხტოს და „საქართველო მიიღებს იმას, რაც სურს“.
ერთი დღით ადრე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში საზღვრის უკანონოდ დარღვევა დამსახურებულად ისჯება. ე.წ. საგარეო საქმეთა უწყების განმარტებით, სამხრეთ ოსეთი გამონაკლისი არ არის.
„საგარეო უწყებას არ შეეძლო, ყურადღება არ მიექცია ქართველ და დასავლელ პოლიტიკოსებში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნების ისტერიისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკუთარ ვერსიას ჰყვება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი პროვოკაციაზე გამიზნულად წავიდა.
„ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვერსია, თუ რატომ გადმოკვეთა ექიმმა გაფრინდაშვილმა მავთულხლართები. ამ დრომდე არც საქართველოს ძალოვან უწყებებს, არც ექიმის ოჯახის წევრებს და მის კოლეგებს, არც თავად გაფრინდაშვილს მის ქმედებასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი მიზეზი არ დაუსახელებიათ. შედეგად კი, შექმნილი სიტუაციით პოლიტიკური რეიტინგის მოსამატებლად, მხოლოდ ყველაზე მოუხერხებელმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.