ანატოლი ბიბილოვი - საქართველოს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებმაც იციან, რა მოხდა ოსეთში, თუმცა არ სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთსა და საქართველო შორის სატრანზიტო დერეფნის ამოქმედებაზე დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც რუსულ სააგენტო „რია ნოვისტისთან“ ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, ცხინვალი სატრანზიტო დერეფნის გახსნის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი რამდენიმე წინაპირობას ასახელებს.
„ჩვენ მზად ვართ სატრანზიტო დერეფნის საკითხი განვიხილოთ, მხარს ვუჭერთ ტრანზიტის გახსნას, თუმცა იმ პირობით, რომ სამხრეთ ოსეთი პროცესის სრულუფლებიანი წევრი იქნება“, – აცხადებს რუს ჟურნალისტთან საუბარში ბიბილოვი.
მისივე თქმით, საქართველოსთან დიალოგი მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც თბილისი ცხინვალზე თავდასხმას აღიარებს, ბოდიშს მოიხდის და დამნაშავეები დაისჯებიან.
„საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს და ამ აგრესიაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ან ქართული სასამართლოს ან საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებმაც იციან, თუ რა მოხდა ოსეთში, თუმცა არ სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდეს“, – ამბობს ანატოლი ბიბილოვი
შეგახსნებთ, რომ 2018 წლის 18 მაისს რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას ითვალისწინებს. ამ დერეფნებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.
საუბარია ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში, თბილისისა და მოსკოვის მიერ გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის პრაქტიკული რეალიზაცია, რუსეთის წინააღმდეგობის გამო ფერხდებოდა. 18 მაისს რუსეთის ფედერალური საბაჟოს ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების გადაადგილების მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს.
ამასთან, რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, რომელმაც სატრანზიტო დერეფნებში ტვირთების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს.