ანატოლი ბერძენიშვილის და - ჩემი ძმა მხოლოდ ჩატაევის დაჯგუფების წევრად ცნობილ ხიზირ მარგოშვილთან მეგობრობდა
ანატოლი ბერძენიშვილის და - ჩემი ძმა მხოლოდ ჩატაევის დაჯგუფების წევრად ცნობილ ხიზირ მარგოშვილთან მეგობრობდა

ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს არ იცნობდა, მხოლოდ მისი დაჯგუფების წევრად ცნობილ ხიზირ მარგოშვილთან მეგობრობდა წლების განმავლობაში, – ამის შესახებ პირველ არხს ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილის დამ განუცხადა.

ტანია ბერძენიშვილის მტკიცებით, მისი ძმა ქვის ხელოსანი იყო და ისეთი მწირი შემოსავალი ჰქონდა, არათუ ტერორიზმის, ოჯახის დაფინანსებასაც ვერ ახერხებდა. ოჯახის მტკიცებით, ანატოლი ბერძენიშვილი სრულიად უდანაშაულოა.

რაც შეეხება კონტრტერორისტული დეპარტამენტის ინფორმაციას, რომ ბრალდებული ნოემბერში თურქეთში იმყოფებოდა და ჩატაევის დაჯგუფებას საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა, ოჯახი აღნიშნულსაც უარყოფს.

ტანია ბერძენიშვილის თქმით, მის ძმას თურქეთში გადასვლა ხშირად უწევდა, თუმცა საქმიანობიდან გამომდინარე – ძველი ტაძრების სანახავად.

პირველ არხს ანატოლი ბერძენიშვილის მეუღლეც ესაუბრა, რომლის თქმითაც, ასევე ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებულ ხიზირ მარგოშვილთან მისი მეუღლე პანკისში მარგოშვილის დაკავებამდეც იმყოფებოდა, მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში.

სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ის სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.