ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებს ხვდება
ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებს ხვდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებს ხვდება.

შეხვედრაზე მაუწყებლობის შესახებ კანონს განიხილავენ, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 12 დეკემბერს დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საერთო ჯამში ყველა ცვლილება დააზიანებს მედიაგარემოს. ისინი დაინტერესდნენ, კონკრეტულად რომელ მუხლებს უკავშირდება პრეზიდენტის შენიშვნები და აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ვეტოს გამოყენებას.

კომერციული რეკლამის განთავსება, შესყიდვების ნაწილი და სტარტაპების დაფინანსება – ეს იმ მუხლების ჩამონათვალია, რომლებსაც კოალიციის წევრები არ ეთანხმებიან.

როგორც „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრმა ნათია კუპრაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სტარტაპების ნაწილში კონტროლს მიღმა რჩება, როგორ დაიხარჯება მთელი ბიუჯტის 1%-ზე მეტი.

გარდა ამისა, კუპრაშვილის აზრით, სპონსორობა და რეკლამა უარყოფითად იმოქმედებს კერძო მედიის სარეკლამო გარემოზე.

„ვფიქრობ, პარლამენტს არ ჰქონდა დრო, დეტალურად გარკვეულიყო, რა საფრთხეების შემცველია ეს კანონპროექტი. თუ ეს კანონპროექტი არ იქნება ხელმოწერილი, ვფიქრობ, უმრავლესობას ექნება მეტი დრო, უკეთესად გაერკვეს, რატომ არის ეს პრობლემური მედიაგარემოსთვის”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

პრეზიდენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე ვეტოს დასადებად დრო 15 იანვრამდე აქვს.