ანა ნაცვლიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას
ანა ნაცვლიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას

დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას და ნათლად დაგვანახა, როგორ ჩატარდა ეს გამოძიება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამასთან შეხვედრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის თქმით, სასამართლო სისტემა კრიზისშია.

„თვეების განმავლობაში დაზარალებული, შვილმკვდარი მშობლები ითხოვდნენ სამართლიან გამოძიებას და იყო არაერთი დასაბუთებული პრეტენზია გამოძიების მისამართით. ამ კითხვებს პასუხი არ გასცემია.

დღევანდელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. უფრო მეტიც, დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას და ნათლად დაგვანახა, როგორ ჩატარდა ეს გამოძიება.

ამ სიტუაციაში არ იქნება საკმარისი, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე, ეს სისტემა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. სისტემა არის კრიზისში. ამას აჩვენებს ძალიან ბევრი საქმე, მათ შირის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება. სისტემური რეფორმები უნდა გატარდეს, მხოლოდ ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა ვერ შეცვლის ამ ვითარებას.

ამას ვითხოვდით ჩვენც, რომ იმ ადამიანებს რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობას აფორმებდნენ და მხოლოდ ამ ფორმებით იციან მუშაობა, მათ უნდა დატოვონ პროკურატურის სისტემა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.