ანა მაზანიშვილი - ძუძუს კიბო მკურნალობას ძალიან კარგად ექვემდებარება და ვისურვებდი, ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახდეს
რეგიონებში მცხოვრები ქალბატონებისთვის, რომლებსაც დაბრუნებული სიმსივნე აქვთ, პრეპარატი ჰერცეპტინი ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტმა, ანა მაზანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ანა მაზანიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სახელმწიფოსთვის ონკოდაავადებები პრიორიტეტი გახდეს.
„დროული და ადეკვატური მკურნალობა ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია. კიბო განაჩენი არ არის და მკურნალობით ამ ადამიანების გადარჩენა შესაძლებელია. მით უმეტეს, ძუძუს კიბო მკურნალობას ძალიან კარგად ექვემდებარება და როგორც პაციენტი, ვისურვებდი, ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახდეს“, – განაცხადა ანა მაზანიშვილმა.
“ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტმა გადაცემაში სტუმრად მყოფ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს პაციენტებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, მერიამ პრეპარატები მე–4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალბატონებსაც დაუფინანსოს.