ანა ჯაბაური - კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდიას ერთი ადამიანი დაესხა თავს
კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ერთი ადამიანი დაესხა თავს ცოტნე გამსახურდიას და ოთხი იქ მოწმედ იმყოფებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას ოჯახისთვის უნდობლობის საფუძველი არ მიუცია.
„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლე გვექნება დღეს, როდესაც გაკეთდება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, მანამდე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით, გამოძიებას არ მოუცია ჩვენთვის საფუძველი, რომ არ ვენდოთ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მე არ გამომიცხადებია უნდობლობა გამოძიებისთვის, პირიქით, ოპერატიულობისთვის მადლობაც გადავუხადე, მაგრამ მინდა, დავაზუსტო კიდევ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ერთი ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და ოთხი იქ მოწმედ იმყოფებოდა. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ის წავიდა მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე და შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ კართან დახვდნენ, როდესაც მეორეჯერ გავიდა სახლიდან, კართან თავს დაესხნენ ეს არსებები“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ცოლმა.
მისი თქმით, გამოძიების ვერსია, რომ თავდასხმაში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, უნდა შეიცვალოს.
„სახალხო დამცველი ჩაერთო, ჩემთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და დღეს ცოტნეს ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმაც დამიდასტურა, რომ არის ჩართულობა, არის პროკურატურიდან ჩართულობა და ისიც განმარტეს, რომ ეს იყო პირველი ვერსია, უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს უკვე დადასტურებულია, რომ ერთი კაცი თავს დაესხა და ოთხი მოწმედ იმყოფებოდა. მათ განმარტეს, რომ ეს იყო პირველადი ვერსია, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ცოტნეს მრავლობითი, სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს სხვადასხვა არეში, როგორ, ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი კიდევ ბლაგვი საგანი? მეორეც – ცოტნე იყო ძალიან ძლიერი, ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც ჯანმრთელი იყო და მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი მოერეოდა“, – აცხადებს მეუღლე.
ამასთან, ანა ჯაბაური ამბობს, რომ მეუღლეს მასთან არასდროს უხსენებია ტატო ღარიბაშვილი, რომელიც ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.
„მე ამ არსების შესახებ არაფერი ვიცი, ის ცოტნეს ჩემთან არასდროს უხსენებია, ერთს ვიტყვი დანამდვილებით, უდაოდ და ცალსახად, ეს ხუთი ადამიანი იყო ლაჩარი, რომლებიც ერთ აბსოლუტურად მშვიდობიან ადამიანს, რომელიც საკუთარი სახლის ჭიშკრიდან გადიოდა, თავს დაესხნენ უცებ, მიპარვით და ვერაგულად, არ ეყოთ ელემენტარული არც ადამიანობა, არც ნამუსი, არც კაცობა, არ ეკადრებინათ, რომ ხუთი ადამიანი თავს დასხმოდა ერთ ადამიანს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ მედიასთან.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.