ექიმი - ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება
ექიმი - ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება

ცოტნე გამსახურდიასთვის დამატებითი ოპერაციის გაკეთება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა და არის სტაბილურად მძიმე. რამე ტიპის დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე ისევე, როგორც გუშინ, დაგეგმილი არ არის. გამოკვლევები ჩატარებულია. ამ გამოკვლევების საფუძველზე გაწვდით ინფორმაციას, რომ რამე ტიპის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. კვლავინდებურად მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ექიმმა და აღნიშნა, რომ გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ერთი (ტ.ღ.) განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.