ანა დოლიძე - საოკუპაციო ხაზი არის აქ, ჩვენს სკვერებთან, შვილები ეზოების ნაცვლად, სახლში გვყავს გამოკეტილი
უნდა დავიცვათ თითოეული გოჯი მიწა, რადგან საოკუპაციო ხაზი აქ არის, ჩვენს სკვერებთან, რომელიც არის აღარ არის და შვილები ეზოების ნაცვლად, სახლში გვყავს გამოკეტილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ანა დოლიძე აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით, ლოზუნგით „სოლიდარობა მუშებს“ აქციას იმ ადგილთან მართავენ, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა.
„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ამბის გამო. ვფიქრობ, ყველანი შევეჩვიეთ, რომ ეს არის სიკვდილით სავსე ქალაქი. ხალხი ამასთან შეგუებას არ აპირებს. ფაქტია, ეს ქვეყანა დარჩენილია უპატრონოდ. ეს არის როგორც მანქანა, რომელსაც არ მართავს არც ერთი მძღოლი. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ქალაქი არავისია და რომ ეს ქალაქი არის თავისი. ეს არის ხალხი, რომელიც აპირებს, თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის უბანზე, თავის რაიონზე და თავის ოლქზე, რადგან პატრონი არ ჰყავს ქვეყანას. ეს არის მანქანა, რომელიც მიემართება უფსკრულისკენ. ყველას მოგიწოდებთ, რომ დაორგანიზდით თქვენს საკუთარ უბნებში, რადგან მარტო ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელთაც შეგვიძლია, ეს ქალაქი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მშენებლობებს უნდა აკონტროლებდეს.
„ამ ფაქტზე ცალსახად ეკისრება პასუხისმგებლობა ეკონომიკის მინისტრს, რადგან ბიზნესი კონკრეტულად კი სამშენებლოს სფერო გასულია მიღმა. სერგეენკოს, რომელიც ყოველთვის ცდილობს, სუფთა ხელებით გამოძვრეს, თითქოს მას შრომის პირობებთან დაკავშირებით არაფერი ეკითხება. სერგეენკო პირველ რიგში უნდა იყოს აქ და უნდა უსამძიმრებდეს იმ ოჯახებს, რომელთაც გუშინ ეს ტრაგედია შეემთხვათ. მაგრამ გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც უნდა აკონტროლებდეს თავგზაგასულ მშენებლობებს. მალე სასუნთქი ჰაერი არ დაგვრჩება. ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული გოჯი მიწა, რადგან საოკუპაციო ხაზი აქ არის, ჩვენს სკვერებთან, რომელიც არის აღარ არის და შვილები ეზოების ნაცვლად, სახლში გვყავს გამოკეტილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.