ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს კარგი თავმჯდომარის შერჩევა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციებში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციებზე ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა.
„კონსულტაციების პროცესში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ იქნება პრეზიდენტის ინიციატივა, ვთქვათ, საბჭოს ფორმატში შევხვდეთ, რადგან ჩემს აზრებს გამოვთქვამდი, ასევე, არ ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ყველა განზე უნდა ვიდგეთ. არასოდეს მქონია ასეთი პოზიცია. პრეზიდენტს ჯერ აქვს დრო, რადგან არ გვაქვს კანონით განსაზღვრული ვადები. თუმცა თუ სურს, კანდიდატი პარლამენტს წარუდგინოს სესიების დაწყებისთანავე, მაშინ ამისთვის მხოლოდ რამდენიმე კვირა რჩება“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის გუნდის გადასაწყვეტია დროის განაწილება – განაგრძობენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებს თუ თავად ჩამოყალიბდებიან.
ამასთან, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, ანა დოლიძის თქმით, კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველას პასუხისმგებლობაა.
„პასუხისმგებლობა, რომ კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, სინამდვილეში პრეზიდენტის არ არის, ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. არ მიმაჩნია გამართლებულად პოზიცია, რომ რახან ამ პოზიციის წყარო არის პრეზიდენტი და შემდეგ პარლამენტი, ამიტომ პროცესი ამ ორ აქტორს უნდა შევატოვოთ. მე ასე არ ვიფიქრებდი, პირიქით, სიამოვნებით მივიღებდი ამაში მონაწილეობას საბჭოს ფორმატში, უბრალოდ პრეზიდენტის ინიციატივა იყო მესამე სექტორთან და საზოგადოებასთან შეხვედრები. ჩვენ ახალ თავმჯდომარეს ვუშვებთ ფაქტობრივად ბრძოლაში, თუ ის იქნება რეფორმისტი, თუ ის იქნება კონფორმისტი, მაშინ არაფერი ბრძოლა და რისკი არ არის, მაგრამ თუ იქნება მართლაც რეფორმატორული მუხტის მატარებელი კანდიდატი, უმჯობესია, ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი იყო, კანდიდატურას თავიდანვე ჰქონოდა საზოგადოების მხარდაჭერა.
„არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. პრეზიდენტის შვილი არ არის თანამდებობა, არც შვილთაშვილი და არც შვილობილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ამიტომ ყველას გვაქვს ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა აიღონ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო.