ანა დიაკონიძე - უკვე დიდი ხანია, მუშაობა აღარ ნიშნავს, რომ ადამიანი სიღარიბისგან დაცულია
ანა დიაკონიძე - უკვე დიდი ხანია, მუშაობა აღარ ნიშნავს, რომ ადამიანი სიღარიბისგან დაცულია

დასაქმების კუთხით, ყველაზე მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა, – ამის შესახებ სოციალური პოლიტიკის მკვლევარმა, ანა დიაკონიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ასევე პრობლემაა ის, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სხვადასხვა ზომებზე, რაც მათ სამუშაოს მოძებნაში დაეხმარება. ვერ ვიტყვით, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ეს დასაქმების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილია ის, რომ როცა ამ ადამიანებს ვამზადებთ, მათთვის შემდეგ, სამუშაო ადგილები უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ანა დიაკონიძემ.

მისი თქმით, დასაქმების პოლიტიკა არის იმ პროგრამებისა და ზომების ერთიანობა, რაც ქვეყანას უმუშევრობის პრობლემის შემცირებაში ეხმარება და ის ერთი რომელიმე სამინისტროს, ან უწყების სპეციალიზაციის სფერო არ არის.

როგორც ანა დიაკონიძემ აღნიშნა, თუ უმუშევარობის ოფიციალურ დონეს შევხედავთ, კლებადი ტენდენციაა, მაგრამ მეტი სამუშაო ადგილი თავისთავად არ ნიშნავს ღირსეულ სამუშაო ადგილს.

„სამუშაო და მუშაობა უკვე დიდი ხანია, აპრიორი აღარ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სიღარიბისგან დაცულია. დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად, ქვეყნის მდგომარეობის შესაფასებლად არასაკმარისია. მნიშვნელოვანია, ვნახოთ სიღარიბის, უთანასწორობის მაჩვენებლებიც, რადგან შესაძლოა, ადამიანი დასაქმებული იყოს, მაგრამ მას მიზერული ანაზღაურება და რთული სამუშაო პირობები ჰქონდეს“, – განაცხადა ანა დიაკონიძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რატომ არ ამართლებს საქართველოში არსებული დასაქმების პოლიტიკის ინსტრუმენტები, ანა დიაკონიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილებისთვის ადამიანთა მომზადება კარგია, მაგრამ რაღაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას, თანაც, ისეთ სექტორებში, რომელიც მაღალი დამატებითი ღირებულების მქონეა.

სოციალური პოლიტიკის მკვლევარმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ცოტა ზედმეტი აქცენტი კეთდება პროფესიულ განათლებაზე.

„ცხადია, პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოება მასობრივად გვაქვს და შესაბამის დარგებში კადრებზე მასობრივი მოთხოვნაა. ჩვენ შემთხვევაში კი, ასე არ არის“, – განაცხადა ანა დიაკონიძემ.

მისივე თქმით, თუ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ არაფერი კეთდება და ეს ავტომატურ დინებაზეა მიშვებული, განათლების და მომზადების მხრიდან შეიძლება, ბევრი რამ გავაკეთოთ და ინვესტიცია ჩავდოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კარგ სამუშაო ადგილებს ვერ მოგვიტანს.