ირაკლი კობახიძე - ანტიკორუფციული ნაბიჯები და ახალი ეკონომიკური ინიციატივები უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას
ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები – ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 9,4 პროცენტი, გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა იყო 9,4 პროცენტი, რითიც საქართველო პირველ ადგილზეა ფართო რეგიონში და ევროპაში.
„სიღარიბე 11,8 პროცენტიდან შემცირდა 9,4 პროცენტამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო შარშან 90 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. მარტო შარშან საქართველოში შეიქმნა 68 ათასი სამუშაო ადგილი. ვიღაცები ძალიან ნერვიულობენ ამაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა პარამეტრებს აღარ შევეხები და ცდილობენ, წარმოაჩინონ ეს ყველაფერი, როგორც სიყალბე, ათასი უსაფუძვლო სპეკულაციური განცხადება მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ მთავარი არის ბიუჯეტი და გადასახადები. მაგალითისთვის, 2020 წელს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საქართველოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით შეიტანეს სამი მილიარდ 80 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2025 წლის გეგმას, ეს არის რვა მილიარდ 55 მილიონი. ექვსი თვის მონაცემებით, ეს გეგმაც გადაჭარბებით სრულდება, ანუ, მინიმუმ, რვა მილიარდ 100 მილიონზე გავალთ წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 2,6-ჯერ გაიზარდა, ჯამში, ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლები, შრომის ანაზღაურება. მე ხომ არ შემაქვს ეს დამატებითი ხუთი მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ერთობლიობა, რომლებსაც ან გაეზარდათ ხელფასი, ან დამატებით დასაქმდნენ. მარტივად აისახება ეს ყველაფერი. მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში 185 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, მარტო შარშან გაჩნდა 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. საშუალო ხელფასი გაიზარდა 2170 ლარამდე და შედეგი რა არის, რომ ეს ადამიანები გადასახადებს იხდიან. გადასახადებს ხომ ვერ გააყალბებ, ბიუჯეტი ხომ ივსება? მოსახლეობის ფართო ფენას მოიცავს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ესეც არ არის საკმარისი. მართალია, სიღარიბე 2,4 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ 9,4 პროცენტია. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი მაჩვენებელია. 350 ათასი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს უნდა განულდეს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და, შესაბამისად, ამოცანა. ამ მიმართულებით მივდივართ სწრაფი ტემპით. მთავარია, ეს ტემპი არ დავაგდოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში იმასთან შედარებით, რასაც ამბობს სავალუტო ფონდი.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ ზრდის კუთხით პირველ ადგილს ფართო რეგიონში და ევროპაში შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში და მათი საშუალო პროგნოზი არის წელიწადში 5,2 პროცენტი, თუმცა ვფიქრობთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ, როგორც ამას წინა წლებში ვახერხებდით, შევძლებთ სავალუტო ფონდის პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. ჩვენ თუ მოვახერხებთ საშუალოდ 6,5% ზრდის შენარჩუნებას, სიღარიბე ძალიან სწრაფი ტემპით შემცირდება და, საბოლოო ჯამში, განულდება ჩვენს ქვეყანაში. ტემპი გვაქვს კარგი, მიმართულება გვაქვს სწორი. მთავარია, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.