ანა აბაშიძის პასუხი მიხეილ სარჯველაძის კითხვაზე, რატომ უწოდა „ოცნების“ ამომრჩეველს „ბიოდეგრადირებადი ნაგავი“ - ალბათ იყო მომენტი, რამაც ძალიან გამაბრაზა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატ ანა აბაშიძეს უსმენდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძეს კითხვით მიმართა.
კერძოდ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ანა აბაშიძეს ჰკითხა: „ასეთი გამონათქვამი გაქვთ, ბიოდეგრადირებადი ნაგავი ხართო, ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ეს არ არის კარგი“, რაზეც ანა აბაშიძემ უპასუხა:
„სპეციალურად ადამიანის დამცირებისთვის ამას არ გავაკეთებდი. ალბათ ეს იყო რაღაც მომენტი, რამაც ძალიან გამაბრაზა და გამოვიყენე ეს სიტყვები“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინეს: „მოქალაქეებმა“, „რეფორმების ჯგუფმა“, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“, ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.