ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის შვიდი პირი სტაციონარში გადაიყვანეს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის შვიდი პირი სტაციონარში გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა შორის შვიდს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები გადაყვანილები არიან საგანგებო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სტაციონარებში.

„ჩამოყვანილები არიან ჩვენი თანამემამულეები იტალიიდან ორი თვითმფრინავით, შესაბამისი განლაგებით. მოგეხსენებათ, სპეციალური განლაგებაა, როგორ უნდა ისხდნენ თვითმფრინავში. ისინი არიან იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან. ყველა მათგანს ჩაუტარდა დადგენილი წესით პროცედურა, რაც საზღვარზე ტარდება – თერმო სკრინინგი, ეპიდემიოლოგიური კითხვარების შევსება, ასევე, იყო მიწოდებული ინფორმაცია და ძალიან კარგია ამ ხალხის თვითშეგნება. არ ყოფილა არანაირი კონფლიქტური სიტუაცია, მათ იცოდნენ, რომ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ არ ვცდები, სიცხე დაუფიქსირდა შვიდს, რომლებიც საგანგებო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილები არიან სტაციონარებში, თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენი გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში, საკმაოდ კარგ, კომფორტულ პირობებში, სასტუმროები იქნა შერჩეული.

მიცემული აქვთ რეკომენდაციები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები იმუშავებენ მათთან, ასევე საკარანტინო დაწესებულებებში იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული სამსახურები იზრუნებენ რეჟიმზე და ასევე, კარანტინში ახლა აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სახელმწიფოს დახმარებით, იტალიიდან, კერძოდ რომიდან, საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.