ამირან გამყრელიძე - ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება.
მისი თქმით, ამ დროიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველდღიურად უნდა აიცრას 1400-მდე მოზრდილი ადამიანი.
„ივლისიდან უნდა გადავიდეთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე, რაც ნიშნავს დღეში 25 000 ადამიანის აცრას. ამისთვის ჩვენი რესურსები სამეგრელოში უნდა გავაოთხმაგოთ და დღეს თუ სამეგრელოში დაახლოებით იცრება 300 ადამიანი, ივლისიდან მოყოლებული, უნდა აიცრას 1 200 -1 400 მოზრდილი ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია აცრის კაბინეტებში მომუშავე პერსონალის გადამზადება, ახალი ჯგუფების დამატება და ამ მედპერსონალისთვის ანაზღაურების გაზრდა.
„ჩვენი სამიზნე წელს არის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრა ორჯერადად, რაც გულისხმობს 3 მილიონ 400 ათასი აცრის ჩატარებას ქვეყანაში. დღეს 17 ბრიგადა ატარებს აცრებს. უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა. ისინი, ვინც მუშაობენ კვირაში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუშაონ შვიდი დღის განმავლობაში. დავაყენეთ ეს საკითხი და ვაორმაგებთ ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ბრიგადებისთვის. ეს პროცესი გულისხმობს ასევე სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას, ასევე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 1 200 სოფლის ექიმის გადამზადება. შესაბამისად, ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი გადამზადება და ეს სულ დაგვჭირდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ზრდასრული 300 000 მოქალაქიდან 160 000 მაინც უნდა აიცრას“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.