ამირან გამყრელიძე - ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები
ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა იქნება.
„მოგეხსენებათ, ინსტრუქციითაც შეიძლება, რომ „ფაიზერი“ 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები. 18 წლიდან ისედაც ვცრიდით. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც – შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. დიდი იმედი გვაქვს, რომ „ფაიზერის“ საკმაო დოზები გვექნება. შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია ვიფიქროთ ამაზეც, რომ „მიტაგმა“ შეიტანოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.