ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.
„ქვეყანაში ახლა გვიდევს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა და იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 4 მაისიდან დაიწყოს აცრები. მანამდე, 27 აპრილიდან დაიწყება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. ეს არის 100 000 დოზა ანუ 50 000 ადამიანის სამყოფი, რადგან ისიც კეთდება ორჯერადად, სამი კვირის ინტერვალით. ასევე, მიმდინარეობს „სინოფარმთან“ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით და საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე, რომელსაც ივნისიდან ველოდებით. ასევე, მილიონი დოზის მოწოდებაზე კონტრაქტს ვაფორმებთ „ნოვოვაქსთან“, მაგრამ მისი მოწოდება დიდი ალბათობით მოხდება ივლისი-აგვისტოში და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე.
ეს ყველაფერი არის პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან ანუ კოვაქსპლატფორმის მიღმა, კოვაქსთან კი მილიონ 400 ათასი დოზაა შეკვეთილი, საიდანაც ჯერჯერობით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ 43 ათასი, „ფაიზერის“ 29 ათასი დოზა, აპრილის ბოლოს კი უნდა მივიღოთ 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.