ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციისთვის აქტიურობა იზრდება, მაგრამ ტემპი ჯერ არ გვაკმაყოფილებს, წამახალისებელ ღონისძიებებზე ვმსჯელობთ
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციისთვის აქტიურობა იზრდება, მაგრამ ტემპი ჯერ არ გვაკმაყოფილებს, წამახალისებელ ღონისძიებებზე ვმსჯელობთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მოქალაქეების აქტივობა თანდათან იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

მისვე თქმით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. გამყრელიძე ფიქრობს, რომ საკითხზე საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„დაიძრა ვაქცინაციის პროცესი. გუშინ გვქონდა ხუთი ათასამდე, პირველ დღეს გვქონდა სამი ათასი, დღეს არის დაჯავშნილი დაახლოებით ექვსი ათასამდე. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ის სლოგანი, რითიც გუშინ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი ალმამატერი გამოვიდა, რომ შევხვდეთ შემოდგომას უსაფრთხო უნივერსიტეტებით, ანუ იყოს ყველა სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ორჯერადად აცრილი, ეს უნდა აიტაცოს ყველა უნივერსიტეტმა საქართველოში. შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით შემოდგომას, იყოს ყველა სასტუმრო, რესტორანი უსაფრთხო, ეს მოძრაობა თანდათან უნდა გაძლიერდეს. რაც უფრო გაფართოვდება ვაქცინაცია, ხელმისაწვდომობაც მეტად გაფართოვდება. გუშინ ჩვენ დავაყენეთ საკითხები სავაჭრო მოლებში ამცრელი პუნქტების განთავსებაზე, ასევე ე.წ. დრაივ აცრებთან, აფთიაქარებთან დაკავშირებით და თანდათან ეს უნდა გაიშალოს. დღეს უკვე ვაქცინების მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნის დეფიციტი. საიტზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში არის დაუჯავშნელი ადგილი. დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.