ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესში თითოეული უწყებისა და ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა საჭირო, სასურველია, შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებით, ბაღებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია, მუშაობა მოსახლეობასთან.
მისივე თქმით, სასურველია, რომ შემოდგომისთვის ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყოს აცრილი.
„საჭიროა, მეტი ინფორმაციული, საკომუნიკაციო მუშაობა მოსახლეობასთან, ასევე თითოეული უწყებისა და ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, რომ იყოს აცრილი. მივესალმებით სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და მასწავლებელები ძირითადად ყველა იყვნენ აცრილი შემოდგომისთვის და ამისკენ მოუწოდა სხვა უნივერსიტეტებსაც. სასურველია, რომ შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ ეგრეთ წოდებული უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებით, ბაღებით, რაც ნიშნავს, რომ ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი და მასწავლებელი იყოს ორჯერადად აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ეტაპისთვის თანამშრომელთა 61 პროცენტია აცრილი.
„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადამიანების 61 პროცენტია აცრილი. 10-დან 15 პროცენტს აქვს გადატანილი ვირუსი და ჯერ 120 დღე არ გასვლია. გეგმა გვაქვს, რომ როგორც ერთ-ერთი მთავარი დაწესებულება აცრების პროცესში, 100 პროცენტით შევხვდეთ აგვისტოს, აგვისტოს შუა რიცხვებს და ყველა ვიყოთ აცრილი. ისევე, როგორც აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა ჩემი კოლეგა იყოს აცრილი და გვქონდეს უსაფრთხო ჰოსპიტლები, სამედიცინო დაწესებულება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.