ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია დღეს პოლიტიკური იარაღი გახდა, არადა, ამ საკითხმა მთელი ქვეყანა უნდა გააერთიანოს, გთხოვთ, სოლიდარულები ვიყოთ, რათა ერთად დავამარცხოთ დიდი გამოწვევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია პოლიტიკური იარაღი გახდა, განსაკუთრებით კი მძლავრი სახელმწიფოების ხელში.
გამყრელიძე საზოგადოებას ურჩევს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები არ გამოიყენონ. მისივე თქმით, პანდემიამ მთელი ქვეყანა უნდა გააერთიანოს და კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე ადამიანები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.
„მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში პანდემია პოლიტიზებული გახდა, განსაკუთრებით ვაქცინაცია. ვაქცინაცია დღეს პოლიტიკური იარაღი გახდა, განსაკუთრებით მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, საკითხს მხოლოდ სამედიცინო კუთხით ვუყურებ. მაინც ყველას ვურჩევ, გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ გამოვიყენებთ. ვაქცინაცია იქნება თუ კოვიდთან ბრძოლა, ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიების ან შეხედულებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა გააერთიანოს. ყველას გთხოვთ, სოლიდარულები ვიყოთ, რათა ერთად დავამარცხოთ დიდი გამოწვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.