ამირან გამყრელიძე - უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არ არის ერთი ან ორი კვირის პერიოდის, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ახალქალაქში ყოფნისას, გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელი წინაპირობა არის ვაქცინაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33 პროცენტი, რაც საკმარისი არ არის.
„ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს, მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას.
მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებებს. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ, ცოტა ახლა დაიკლებს, შემდეგ ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ, გვექნება ყოველდღიურად ასეთი ცუდი გამოსავალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ მომხრეა, აცრებთან დაკავშირებით ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს.