ამირან გამყრელიძე - თუ არ ავიცერით და ქვეყანაში არ დაგროვდა იმუნური ფენის კრიტიკული მასა, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი
ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ზრდას შეიძლება, ბევრის მიზეზი ჰქონდეს.
„ამიტომ ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.