ამირან გამყრელიძე - თხოვნაა, ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ
ამირან გამყრელიძე - თხოვნაა, ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღდგომის დღესასწაულზე სარიტუალო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართოს.

გამყრელიძის თქმით, უმჯობესი იქნება, მრევლი წირვა-ლოცვას ტაძრების ეზოებში დაესწროს და შესაბამისი დისტანცია დაიცვას.

ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

„საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები. ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობია, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარია თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.